საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაციის
ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე ისაუბროს.
მისივე თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნის რეკომენდაციის მიხედვით, რუსულ მხარესთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მისი ერთ-ერთი მიზანია, რომ ქართული მხარე აიძულოს დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. არაა გამორიცხული ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ამაზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. ჩავედით ბრიუსელში, რათა მათი აზრი, მათი რეკომენდაცია და რჩევები მიგვეღო, მათ შორის იმაზე, როგორ გავაგრძელოთ ეს დიალოგი. 28 ქვეყნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეს დიალოგი უნდა გავაგრძელოთ. ვერ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ფქრობს 1-2 ექსპერტი ან ჩვენი ოპონენტი, განსაკუთრებით იმ ჯგუფიდან, რომელსაც ცუდი გამოცდილება აქვთ რუსეთთან ურთიერთობისა, 2008 წელი და მისი შედეგები მაქვს მხედველობაში“- განაცხადა აბაშიძემ.

















