საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალების სიმცირის გამო თავს ეულად და მარტოსულად გრძნობს.
ამის შესახებ დეპუტატმა „ნიუსპრესს“ დღეს აშშ–ს ელჩის ჯონ ბასის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„ქალების წარმომადგენლობის ის დონე, რომელიც დღეს არის საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით დამაკმაყოფილებელი არ არის. კაცები მართლაც ვგრძნობთ თავს პარლამენტში მარტოსულებად და ეულებად“ – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, როგორც მმართველმა, ისე სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში გენდერული ბალანსი გაწონასწორდეს და იქ უფრო მეტი ქალი შევიდეს.
„ეს მხოლოდ გრაციოზულობასა და სირბილეს შესძენს პოლიტიკურ პროცესს, რაც ასე მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც აგრესია სჭარბობს ხოლმე უფრო ნაზ გრძნობებს, რომელსაც ქალები აუცილებლად შემოიტანენ ჩვენს პარლამენტში“ – განაცხადა წიკლაურმა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ისტორიულად ქალებს ფართო მონაწილეობა ჰქონდათ და პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავდნენ.
ჯონ ბასმა დღეს პრესკონფერენციაზე არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა.

















