საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის კანონპროექტი ნათელი მაგალითია საქართველოში ავტორიტარული მმართველობისა და ხელისუფლების მცდელობისა გააყალბოს არჩევნები.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ე.წ. „must carry“-ს პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებას მოითხოვენ.
ბაღათურიას თქმით, ხელისუფლებას დემოკრატიულობის თამაშის დრო ოქტომბრამდე აქვს, ხოლო ოქტომბერში, მისივე თქმით, ქუჩაში ერთი მილიონი ადამიანი გამოვა, რათა კორუმპირებული რეჟიმის მმართველობა შეწყდეს.
ამასთან, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას იმდენად ეშინია ხალხის გამოსვლის, რაც არჩევნების გაყალბებას აუცილებლად მოყვება, რომ „must carry“-ს პრინციპის შეწყვეტას არჩევნების წინა დღეს გეგმავს.
„ხელისუფლება კარიკატურულ მდგომარეობაშია. სახელისუფლებო ტელეკომპანიები საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის იმისთვის უჩივიან, რომ მათ მომხმარებელმა არ უყუროს“ – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენებმა გამოავლინა, რომ „გლობალ TV“-ს გარდა, ყველა საკაბელო მაუწყებელი სახელისუფლებოა.
ბაღათურიას განცხადებებს მმართველმა გუნდმა უპასუხა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, ბაღათურიამ თავისი გამოსვლით დაადასტურა, რომ ოპოზიციას მაუწყებლების ტრანზიტი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად და „საქართველოს მკვდარ ქვეყნად გადაქცევის შესახებ ველური მოწოდებების“ გასავრცელებლად სჭირდება.
„ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბოლო დროს ჩვენ მოწმენი გავხდით პოლიციელებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობების. „ქართული ოცნების“ ლიდერი რეციდივისტად გადაიქცა და ქართველი ხალხის ყიდვას ცდილობს“ – აღნიშნა წიკლაურმა.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით ვითარების არევის საშუალება არავის ექნება.
საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტის თანხმად, სავალდებულო ტრანზიტი მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში გავრცელდება იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ ინფორმირებული და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი.

















