ამერიკის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის შეფასებით, საერთო სატელევიზიო მაუწყებლების ტრანზიტის პრინციპის არჩევნების შემდგომ გაგრძელება მისასალმებელი იქნება.
ამის შესახებ ბასმა დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ კანონპროექტის დეტალებს ჩაუღრმავდებით, ის ზრდის მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისწვდომობას და ხელს უწყობს პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიებს და ორგანიზაციებს. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული და წინგადაგმული ნაბიჯი“ - აღნიშნა ბასმა.
რაც შეეხება უნდა გაგრძელდეს თუ არა პროექტი არჩევნების შემდეგ, აშშ-ს ელჩს მიაჩნია, რომ ეს საკითხი განხილვის თემა უნდა გახდეს.
„ეს გახლავთ განხილვის თემა, რომელზეც საუბარი უნდა გაიმართოს. თუ მიიღებს ამ კანონს პარლამენტი, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას“ - მიაჩნია ჯონ ბასს.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორების მიერ საერთო სატელევიზიო მაუწყებლების ტრანზიტის (Must carry) პრინციპზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ.
კანონპროექტის თანახმად, საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტი პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის დანიშვნიდან ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების წინა დღეს, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან ერთად შეწყდება.

















