ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ქეით კოვალეკთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე ეუთო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა ეუთო-ს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუციის პროცესში და მისი უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

















