ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის გრძელვადიანი დამკვირვებლების მუშაობას მხარს უჭერს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა.
ბასმა განმარტა, რომ საარჩევნო ციკლში ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული დახმარების პროგრამები, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად და იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავად აირჩიონ ქვეყნის მომავალი. მან ხაზსაგმით აღნიშნა, რომ ამერიკა კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი ამოცანა საარჩევნო ციკლი და დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტებისადმი საქართველოს მოქალაქეების შეხედულებაში ლეგიტიმურობის ზრდაა. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა გაითვალისწინოს და დაიმახსოვროს, რომ მნიშვნელოვანია ის შთაბეჭდილება, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ექმნებათ“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
მისი თქმით, ეს აღემატება კონკრეტული პირადი საარჩევნო მიზნების განხორციელებას.
ელჩის განცხადებით, აშშ ხელს უწყობს საქართველოში გრძელვადიანი დამკვივებლების მისიის გამოგზავნას, რომელსაც NDI და IRI განახორციელებენ. ამერიკის მთავრობა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სადამკვირვებლო ჯგუფებს დაეხმარება, საერთაშორისო რესპუბლიკულ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) დააფინასნებს. არჩევნებამდე სამი თვით ადრე, NDI-დან საქართველოს სამი გრძელვადიანი დამკვირვებელი ეწვევა, ხოლო IRI -დან - თორმეტი. არჩევნების დღეს NDI საქართველოში დამატებით 20 დამკვირვებელს გამოგზავნის, ხოლო IRI - ოცდაათს.

















