საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკული მიზნების განხორციელება, რომლის შემდეგაც საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პოლიტიკურად ყველაფერი ნათელია. არსებობს ბუქარესტის ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩიკაგოში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ პრაქტიკული მიზნების განხილვა, თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის განხორციელება“ - აცხადებს ბაქრაძე.
მისი თქმით, ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით ქართული მხარე ფოკუსირებულია იმ ძირითადი ამოცანების განხორციელებაზე, რომელიც ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებას შეასრულებს.
ამასთან, ბაქრაძემ და ვერშბოუმ დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დღის წესრიგი.

















