ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ გამჭვირვალედ ჩატარდება.
ამის შესახებ ვერშბოუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო წვრთნებს ყველა ქვეყანა ატარებს, მათ შორის საქართველოც და ნატოც, თუმცა, ის გამჭვირვალე უნდა იყოს.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსი პარტნიორები წვრთნების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან და ეს სწავლება რეგიონში დაძაბულობას არ გამოიწვევს“ - აღნიშნა ვერშბოუმ.
ამასთან, თბილისში მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ალიანსი ყურადღებით აკვირდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
დღესვე, ალექსანდრე ვერშბოუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხადაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

















