ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრიუსელში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქცია ბრიუსელში სუშის ერთ-ერთ რესტორანთან გაიმართა და ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.
აქციის მონაწილეები „აღჭურვილი“ იყვნენ პლაკატებით, მათ შორის - „არა ძალადობას“, „თავისუფლება მედიას“, „შეწყდეს დიქტატურა“, ასევე, ხელში ეჭირათ მცირე ზომის სატელიტური ანტენები წითლად გადახაზული სიტყვებით „პრესა“ და „დემოკრატია“.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი შეკრების მიზანია გამოააშკარაონ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, არ მისცენ მას საშუალება ტყუილებითა და ფასადური ლოზუნგებით შეცდომაში შეიყვანოს მსოფლიო საზოგადოება. ქართველ ემიგრანტებს პირი თეთრი ხელსახოცით ჰქონდათ აკრული.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება.
პრეზიდენტს დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

















