საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მფრინავ იოსებ ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით
მთავრობას მუშაობა ერთი წუთითაც არ შეუჩერებია.
ეს განცხადება მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას გააკეთა.
„სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა. საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა. მთავრობა დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, კონგოსთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისოორგანიზაციებთან მისი ბედის გასარკვევად. განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამ ვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე ყველა შესაძლო მხარესთან“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის თაობაზე საქმის კურსში იყო იოსებ ოსორაულის ოჯახი.
ჯანელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით გარკვეული ოდენობის თანხის მოთხოვნის შესახებ. „ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო არცერთ დონეზე, არცერთ მოლაპარაკებაზე არ დამდგარა გამოსასყიდის ან რაიმე თანხის მოთხოვნის საკითხი“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

















