„პრემიერ მინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ერთსულოვნად იქნა მიღებული
გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესები, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამისი თავს განიხილავენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ მიწაზე საკუთრების უფლების კონსტიტუციური მოწესრიგებაა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის და რაც მთავარია, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული
„ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის, მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას.
„კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი ეროვნული, სტრატეგიული ინტერესი. გარდა ამისა, ამავე მიზნით, პარლამენტში ინიციატივის წესით შეგვაქვს კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედებამდე უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე მიწის გასხვისების სათანადო შეზღუდვას. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილი არსებული ჩანაწერი დაზუსტდება და ბევრად უფრო მკაფიოდ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

















