პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ სახალხო დამცველს გორის რაიონის სოფელ მერეთში გუშინ მომხდარი ინციდენტის ადეკვატური შეფასებისკენ
მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ბალიაშვილის შეფასებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ დღითიდღე ღია აგრესიაზე გადადის და დემოკრატი ხელისუფლის ნიღაბს იხსნის.
„პროცესები შეუქცევადია და მიხეილ სააკაშვილი მსგავსი პროვოკაციებით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების განხორციელებას ვეღარ შეაჩერებს. მისასალმებელია, რომ ოპოზიცია მუშტი-კრივის პროცესში არ ერთვება. ეს სააკაშვილის საქმეა, რომელიც მან 2003 წელს ქვემო ქართლში ქვების სროლით დაიწყო“- განაცხადა ბალიაშვილმა.
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პირი, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სათანადოდ დაისჯება.
„გვესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უმძიმს ხელისუფლების დათმობა, მაგრამ ერის ნება უზენაესია“-აღნიშნა ბალიაშვილმა და ხელისუფლებას მოუწოდა, მაქსიმალურად მოთოკოს ემოციები და არაფრის მომცემი პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

















