ვილნიუსში, ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენა „საქართველოს ფერები“-ს გაიხსნა.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და იგი საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ და გალერეის ხელმძღვანელმა დოვილე ტომკუტემ გახსნეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას, ქართველმა მხატვარ-დიზაინერებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება და ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციის შესახებ ესაუბრნენ.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლიტვის ოფიციალური პირები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების დახურვისას გაიმართა ფურშეტი, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ნუგბარი.
ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად ღონისძიებების სერიით აღინიშნება. 25 მაისს ქ. ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში გაიმართება ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“. ასევე, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ქართული სამზარეულოს დღე და „ქართული სადილი“. ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. გარდა ამისა, ამავე დღეს მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, ლიტვის პარლამენტის გვერდით, გადმოიფინება საქართველოს გიგანტური დროშა.

















