საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებში არსებულ ვითარებას და სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გაგრძელების აუცილებლობას გაესვა ხაზი.
შეხვედრებისას პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

















