„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არც „ქართუ ბანკში“ და არც „ქართუ ჯგუფში“
პირდაპირ წილს არ ფლობს, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მას ვერ დააყადაღებდა. ამის შესახებ ჯავახიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი „ქართუ ბანკში“ აქციების არც ერთ პროცენტს არ ფლობს.
„საქართველოს ხელისუფლებისგან ტყუილი ჯერ არ მოგისმენიათ? თუ უკვე აფხაზეთში დაბრუნდით, ასდოლარიანი პენსია გაქვთ და ლაზიკა ააშენეთ?“-განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართუ ბანკი“ ამ წუთებში არ მუშაობს და ამის მიზეზი მხოლოდ სამუშაო საათების დასრულებაა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. ამის შესახებ განცხადება აღსრულების ბიურომ რამდენიმ წუთის წინ გაავრცელა.

















