საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ
ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა, რომ საბჭოს ფორმატი, რომლის პირველი სხდომა 2016 წლის ივლისში ანკარაში გაიმართა, ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათის ნათელი დასტურია.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები განსაკუთრებით მიესალმნენ ისტორიულ თარიღს - ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. კმაყოფილებით აღინიშნა პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალიდონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში არსებობს.
საქართველოს მხრიდან მადლიერებით აღინიშნა ოფიციალური ანკარის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
დღეს თბილისში გაიმართა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და თურქეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.

















