პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ აკონკრეტებს - გადაიხდის თუ არა ჯარიმას დღეს 24.00 საათამდე.
როგორც ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ყველაფერზე პასუხი უკვე გაცემული და გამოქვეყნებულია.
მისი თქმით, ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია, რადგან ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს.
„ისინი უკვე სხვა სივრცეში არიან, წითელ ხაზს იქით თამაშობენ. ის რაც, დღემდე განხორციელდა, ყველაფერი უკანონო იყო“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოში მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეტანილი საქმეებიც მიზანმიმართულად ჭიანურდება.
„ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ჯარიმებს და ჩვენზე ზეწოლას შეეხებოდა, 2-4 დღეშია გადაწყვეტილი“- აღნიშნა ივანიშვილმა. ამდენად, მისი თქმით, პასუხი რას და სად დააყადაღებენ, რთული გასაცემია.
ივანიშვილს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა დღეს იწურება.

















