პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ აცხადებს, რომ საქართველოში წამების მსხვერპლი ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ადამიანების მასობრივი წამება ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს მოაწყო, როდესაც მშვიდობიანი აქციის ათასობით მონაწილის წინააღმდეგ განახორციელა სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია, შემდეგ უკანონოდ დააპატიმრა და მთელი ღამის განმავლობაში უსასტიკესად აწამებდა უდანაშაულო ადამიანებს. მათ შორის არიან „დემოკრატიული მოძრაობის“ და „სახალხო კრების“ 42 პოლიტპატიმარი, რომელთა უმეტესობა უსასტიკესი წამების მსხვერპლი გახდა, ვინაიდან მათ არ აღიარეს მოგონილი ბრალდებები და არ ითანამშრომლეს დამნაშავე რეჟიმთან“-ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს პატიმრების მდგომარეობა კი - სასჯელაღსრულების სისტემაში კრიტიკულია, რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმრების რიცხვს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 150-ს მიაღწია.
ამასთან „დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ საქართველოში პატიმართა წამებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება საერთაშორისო მეგობრობის მხრიდან არასათანადოა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ჩვენს ქვეყანაში წამების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს ყველა პოლიტპატიმარს“ - ნათქვამია განცხადებაში.

















