საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილია.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში განაცხადა, სადაც ის შავი ზღვის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილოებს.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნულმა საკითხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა-ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს.
„ეს მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, იმერეთისა და მთლიანად საქართველოსთვის, ვინაიდან ბაგრატის ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ მოქმედი ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც საქართველოს აღორძინების განსახიერება იქნება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების შესრულება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიელ რესტავრატორს მიანდო, რომელმაც პროექტი ყველა წესის დაცვით მოამზადა.
„ტაძრის აღდგენა დღეს პრაქტიკულად დამთავრებულია, დარჩენილია პატარა დეტალები და ჩვენ ამ სამუშაოებს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ პროცესში აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რომელიც საპატრიარქოს ჰქონდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული თემის ირგვლივ გამოთქმული აზრები შეაჯერა და შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია.
ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტთან დაკავშირებული საკითხი იუნესკოს კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილეს და 2013 წელს, კომიტეტის 37-ე სხდომისთვის გადადეს.

















