„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტს გმობს და მას ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად აფასებს.
ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქმედი ხელისუფლება საკუთარ დანაშაულებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს აგრძელებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ტოტალური შიშისა და ტერორის დამკვიდრებაა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური ტერორი, ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, უკანონოდ დაპატიმრება ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა კი - ხელისუფლების წარმომადგენელებს ადამიანის სახე უკვე დიდი ხანია დააკარგვინა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ გმობს მერეთში დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციას. სწორედ ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სააკაშვილის ხელისუფლების უზნეობა, რომელიც დიდი ხნის წინ გვაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი“- აცხადებენ პარტიაში და აღნიშნავენ რომ ჯერ კიდევ 2010 წლის 19 აგვისტოს, ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პარტიის ლიდერებს ხელისუფლებამ „ზონდერ ბრიგადები“ დაახვედრა, გზა გადაკეტა და ქვები დაუშინა.
„მაშინ არც დიპლომატიურ კორპუსს, არც მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამწუხაროდ არც ოპოზიციას ამ ამორალურ პროვოკაციასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ასეთი „სოლიდარობის“ შედეგია ის, რომ სააკაშვილი და მისი კრიმინალური გუნდი ისევ ხელისუფლებაშია და ისევ ბედავს მსგავსი პროვოკაციების მოწყობას“- ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ სოლიდარობისა და ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებების გარეშე რეჟიმი თავს შეუბოჭავად გრძნობს და აუღელვებლად ახორციელებს საკუთარ მიზანს - ნებისმიერი მეთოდებით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის, ერთი გოგონაა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

















