პარლამენტის ბიურომ დღეს დაარეგისტრირა კანონპროექტი წინასაარჩევნო პერიოდში სააკაბელო კომპანიების მიერ მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის შესახებ,
რომლის თანახმად ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხვალ, 27 ივნისს პროექტს განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო მისი დამტკიცება ხუთშაბათისა და პარასკევის პლენარულ სხდომებზე მოხდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას. კერძოდ, ის ვალდებულია არჩევნების გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს განაცხადა, პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს უმოკლეს ვადაში განიხილოს და მიიღოს აღნიშნული ინიციატივა, რომელიც მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის საკაბელო ქსელებით ტრანსლაცია განხორციელდეს.
მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ თანხმდებოდა წლის დასაწყისიდან კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს mast carry–ს პრინციპის ამოქმედების შესახებ.

















