გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დოქტორი გერდ მიულერი საქართველოსა და გერმანიას შორის
განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 15 მაისს თბილისს ესტუმრება.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მასთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად შეაჯამებს ერთად მიღწეულს.
საქართველოს განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრისას მინისტრი ინფორმაციას მიიღებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესებზე, რადგან ეს რეფორმები გერმანული მხარის ხელშეწყობით ხორციელდება. გერდ მიულერის ერთდღიანი ვიზიტი დასრულდება პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დათვალიერებით, რომელთანაც გერმანული მხარე დიდი ხანია თანამშრომლობს. კოლეჯში მინისტრი ოფიციალურად გახსნის ახალ პროგრამას „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
1992 წლიდან გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხოლოდ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მეშვეობით 820 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსთვის, 2010 წლიდან კი ქვეყანა სამხრეთ კავკასიისთვის ტექნიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამების ფარგლებშიც იღებს სარგებელს (273 მილიონი ევრო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის).

















