ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის - საერთაშორისო
და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის (IIEA) ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს ბარი ენდრიუსს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები, ასევე, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში უაღრესად წარმატებული ვიზიტის შედეგები. შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონალური ჰაბის ფუნქციების უკეთ გამოყენებას.
საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და გამოთქვა სურვილი, მომავალში უმასპინძლოს თემატურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს მიეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაისში, ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას საჯარო გამოსვლა, სადაც მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. ასევე, ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი თანაორგანიზატორი 2016 წლის ნოემბერში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამართული კონფერენციისა, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.
საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს მაღალი დონის თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების საჯარო ტრიბუნას, სადაც სიტყვით გამოსულან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჟან კლოდ ტრიშე, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი ირჟი ბუზეკი, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და სხვა.

















