საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის
ძირითადი ჯგუფის შეხვედრაში. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა თემატურ პანელზე „რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპა“, სადაც ღონისძიების მონაწილეები მსჯელობდნენ აღმოსვალეთ ევროპის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებსა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაზე. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო ქვეყნის რეგიონების ოკუპაციის პირობებში იმყოფება. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დასავლეთის აქტიური ქმედებების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გააჩინოს უნდობლობის განცდა ევროპული და ევროატლანტიკური გზისა და დასავლური ღირებულებების მიმართ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრას ვაშინგტონმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი, წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტრობ ტელბოტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თემატურ პანელზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ უკრაინის სგარეო საქმეთა მინისტრი პავლოკლიმკინი და უილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის საპატიო მეცნიერ-თანამშრომელი, წარსულში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი.

















