საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მთავრობის უმნიშვნელოვანესი ინტერესია.
როგორც მან დღეს თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიამ ქსელში ყველა ტელევიზია უნდა გაუშვას.
„ჩვენ გვჯერა და მხარს ვუჭერთ ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევანის თავისუფლებას. გვსურს, რომ მათი არჩევანი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და გააზრებული. ჩვენ იგივე გავაკეთეთ რეკლამაზეც - საარჩევნო პერიოდში ტელევიზორის ყურება შეუძლებელია, იმდენი უფასო რეკლამა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინეტერსია“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისვე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა თამამად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„ეს არის ქართული დემოკრატიის სიმტკიცისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ურყეობის მორიგი თვალსაჩინო ნიშანი“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

















