საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დარიალის ხეობაში მდინარის დინებით რუსეთის ტერიტორიაზე გატაცებული მაია ქუცნიაშვილის ცხედრის
გადმოცემის საკითხში, რუსული მხრიდან პრობლემები არ შეიქმნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთიბები არ არსებობს, აღნიშნული საკითხი ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით უნდა გადაწყდეს.
„იმედი მაქვს, რომ ორივე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს მოაგვარებენ ისე, როგორც ეკადრება ზოგად საკაცობრიო და ადამიანურ პრინციპებს, რაც ყველა ფორმალობაზე გაცილებით მაღლა დგას“ – განაცხადა ჯალაღანიამ.
უბედური შემთხვევა დარიალის ხეობაში გუშინ მოხდა, 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუსხლტა და მდინარეში ჩავარდა. დინების სიძლიერის გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და დინებამ იგი რუსეთის ტერიტორიაზე გაიტაცა.

















