საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილის აღნიშვნის დღეს,
28 აპრილს, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მისალოცი წერილები გაცვალეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონელ კოლეგას მიულოცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, აღნიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა და საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებს განსაკუთრებული მეგობრობისა და სოლიდარობის სანიმუშო მაგალითი უწოდა. მან მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს გვერდზე დგომისთვის.
თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ თავის მისალოც წერილში აღნიშნა, რომ 1992 წლის 28 აპრილს ორმა სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ისტორიული კავშირების აღდგენას დამოუკიდებელ პოლონეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებში და საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა და გამოხატა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.
შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ოფიციალური პოლონეთის რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 29 იანვარს აღიარა, საქართველოს ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე-იურედ აღიარებამდე 2 წლით ადრე.
1995 წლის 20 ნოემბერს, დაარსდა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ქ. თბილისში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1997 წლის შემოდგომაზე. 2001 წლიდან პოლონეთში აკრედიტებული იყო საქართველოს საელჩო ბერლინში. 2003 - 2004 წწ. ქართული დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა უკვე პოლონეთის დედაქალაქში. საქართველოს საელჩო ვარშავაში ხელახლა გაიხსნა 2005 წელს.

















