„სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი ხელისუფლებას და ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ფეხბურთელის, „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატის
კახი კალაძის მიმართ შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს.
ჯიშკარიანის განცხადებით, გასაგებია, როდესაც ნაციონალური ტელეარხების მხრიდან დაკვეთით მიმდინარეობს სპორტსმენისთვის ტალახის სროლა, ხოლო სრულიად გაუგებარია ის, თუ რას ემსახურება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება ამის შესახებ.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადებები, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსებები კალაძეს კრიმინალებთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ.
„არასდროს შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ასეთ უსამართლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი ბინძური ხერხებით მოქმედი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების ცილისწამებას, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატურის დამყარებას“ - განაცხადა ჯიშკარიანმა.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კახა კალაძე იტალიაში ე.წ კანონიერ ქურდებს შეხვდა.

















