„ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე გავრცელებულ ინფორმაციას, მისი მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო კენჭისყრის შესახებ, არ ადასტურებს.
ფხაკაძე სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამტრედიაში ადგილი ჰქონდა მის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
„შესაბამისად, მე არ ვიყრი კენჭს არც სამტრედიის რაიონში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება თვითონ სამტრედიაში გამართულ აქციას, ფხაკაძის განცხადებით, ის საქველმოქმედო იყო და „ვისოლ ჯგუფის საქველმოქმედო ფონდის” სახელით ხორციელდებოდა, რომლის ხელმძღვანელიც თავადაა.
„ჩვენი აქციით გვინდოდა, თანადგომა გამოგვეხატა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავირჩიეთ დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ“-განმარტავს ფხაკაძე.
გავრცელებული იფნორმაციით, ფხაკაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტის თანახმად, ბიზნესმენთან დაახლოებული პირები სამტრედიაში სხვადასხვა ქმედებებით ამომრჩევლის მოსყიდვას აწარმოებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატას ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდეს. თავის მხრივ, კონტროლის პალატამ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის მიმართა.

















