მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიურო რიგგარეშე სხდომაზე ხვალ დაარეგისტრირებს და პარლამენტი
დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს დღის მეორე ნახევარში კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ინიციატივის სახე.
„ხვალ ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გვექნება და ამ ინიციატივას დავარეგისტრირებთ და კვირის განმავლობაში კიდევ ორი პლენარული სხდომა შედგება – ხუთშაბათს და პარასკევს და ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით დავამტკიცებთ“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთანავე სპიკერმა განაცხადა, რომ პარასკევის სხდომზე საგაზაფხულო სესია დაიხურება.
როგორც ქრისტიან–დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია მხარს უჭერდა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც საარჩევნოდ პლურალისტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს და აქედან გამომდინარე, მზად არის კონსულტაციებში ჩაერთოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის საკაბელო ქსელებით ტრანსლაცია განხორციელდეს.
მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ თანხმდებოდა წლის დასაწყისიდან კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს mast carry–ს პრინციპის ამოქმედების შესახებ.

















