გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას 2-3 კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება „ქართული ოცნებისა“ და საერთაშორისო ადვოკატების დახმარებით, 20 ივნისს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.
„მიგვაჩნია, რომ საჩივრის შესატანად საუკეთესო დრო შევარჩიეთ, ვინაიდან 20 ივნისს, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გაერო-ს ტრიბუნიდან, საქართველოში გაერთიანებების თავისუფლების მხრივ არსებული დარღვევის შესახებ ისაუბრა. მან ცალსახად განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ქვეყანაში არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“-განაცხადა ხიდაშელმა.
ის „გლობალ ტვ“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კომპანიასთან მიმართებით შექმნილი ვითარება ხელისუფლების ნების გამოძახილია.
ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს მისთვის არასასურველი ტელევიზიების ყურებას უკრძალავს. სწორედ ეს იყო, მისი თქმით, იმ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზეზი, რომელიც „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებით განხორციელდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ კვირაში საქართველოს მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ს დაახლოებით 300 000 დაუმონტაჟებელი ანტენა დააყადაღეს.

















