საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
„ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia) მმართველი საბჭოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ბ-ნ ალო იავსკისთან და ორგანიზაციის განახლებულ მმართველ გუნდთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ესტონეთის წარმოებასთან" თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები და ინიციატივები.
თეა ახვლედიანმა ესტონელ პარტნიორებს გააცნო საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები, ისაუბრა არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მზარდ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის მასტიმულირებელი მექანიზმები.
შეხვედრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მისი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტის ფარგლებში, 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთში, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვას.
ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ მიმოიხილა ესტონეთში ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტები და დაადასტურა მზადყოფნა გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულებებით.

















