საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარებული
მონიტორინგის შედეგად ინტერესთა კონფლიქტი გამოავლინა. ამის შესახებ კვლევის შედეგების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას დღეს წარედგინა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო კომპანია შპს "მაგი სტილი მედიას" 35 %-ს საკუთრებაში ფლობს. კომპანია რეკლამების დამზადებისა და ეთერში განთავსებით არის დაკავებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ირაკლი ჩიქოვანის შემოსავლები დამოკიდებულია ტელეკომპანიების სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რეკლამების ოდენობაზე და ტარიფზე, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ირაკლი ჩიქოვანს ტელეკომპანიების მიმართ ეკონომიკური ინტერესი გააჩნია.
"იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რდგან ირაკლი ჩიქოვანს, როგორც კიმისიის თავმჯდომარეს, საშუალება აქვს გამოიყენოს სამსახურებრივი მდგომარეობა და რეაგირების გარეშე დატოვოს კანონით გათვალისწინებული სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევის ფაქტები. ამით მას საშუალება ეძლევა გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა" - ნათქვამია ანარიშში.
როგორც ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ადვოკატმა, ნათია კაპანაძემ "ნიუსპრესს" განუმარტა, აღნიშნულ ინტერესთა კონფლიქტს უკანონო გადაწყვეტილებები უკავშირდება. კერძოდ ტელეკომპანია "იმედსა " და "რუსთავი 2"-ში რეკლამები დროის ლიმიტის დარღვევით დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. ნათია კაპანაძის ცნობით, კომისიამ ამ ფაქტზე რეაგირება მანამ არ მოახდინა, სანამ საკითხში სამოქალაქო სექტორი არ ჩაერთო.
"ცალსახად არის მითითება იმის თაობაზე, რომ სარეკლამო ბიზნესში მოქმედებს პირი, რომელიც ამავდროულად არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე"- არნიშნა ნათია კაპანაძემ.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კვლევას ერთი წლის განმავლობაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ატარებდა.

















