პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია 1 ივლისს 19.00 საათზე მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიციას ოფიციალური ნებართვა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია, მაგრამ ზეპირი შეთანხმება უკვე არსებობს.
„ჩვენ უარი მივიღეთ აქციის მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გამართვასთან დაკავშირებით. დღეს ველოდებით ოფიციალურ ნებართვას აქციის თეატრონზე ჩასატარებლად. თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ მიტინგი დასახელებულ ადგილას 19.00 საათზე გაიმართება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, კოალიცია უკვე მიეჩვია, რომ ყველა აქციის წინ, მას ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვა უწევს და ერთხელაც არ მიუღია ის, რაც უნდოდა. მისივე თქმით, ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.
პრესსპიკერის განცხადებით, 1 ივლისის აქცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვისაა განკუთვნილი და წინა აქციების მსგავსად, კოალიცია არც ახლა გეგმავს ხალხის ორგანიზებულ მიყვანას.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად რთული გეოგრაფიული პირობებისა, მოსახლეობა მცხეთა-მთიანეთის სოფლებიდან საკუთარი ინიციატივით მივა აქციაზე და იმდენი ხალხი იქნება, რამდენიც სხვა ქალაქებში აქციებზე იყო.

















