საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებს და მის პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს შეხვდება.
შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებაა.
დელეგაციაში შედიან მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და სხვები.
დელეგაცია შეხვედრებს ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია შეაფასებს
არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში კი, 29 ივნისს,
პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება.

















