საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის"
ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც დღეს ქ. ვარშავაში გაიმართება.
შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.

















