ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ის სტუდენტ-ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გადიოდნენ სწავლებას. სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე, ,,ერასმუს+“ პროგრამით მოსარგებლე პედაგოგები და ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მყოფი უცხოელი სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა „ერასმუს+“ პროგრამის საპრეზენტაციო კლიპით დაიწყო და სტუდენტებისა და პედაგოგების მხრიდან, მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებით გაგრძელდა.
ზურაბ პატარაძემ მათ მიულოცა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება. მისი თქმით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენი მთავრობა ამას თქვენთან, ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად განახორციელებს“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბათუმის უნივერსიტეტში არსებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას.

















