ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ უცხოურ კომპანიებს საქართველოში მედიკამენტების იაფად შემოსვლა არ აწყობთ, რადგან ეს მათ მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორც კურტანიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოური კომპანიები უკმაყოფილოები არიან საქართველოში პარალელური იმპორტის შესახებ კანონის მიღებით, რომლითაც ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ, უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტები რიგი ქვეყნებიდან გაცილებით იაფად შემოიტანონ.
კურტანიძის განმარტებით, 2009 წლის 15 ოქტომბრამდე, ანუ აღნიშნული კანონის მიღებამდე საქართველოში მედიკამენტების იმპორტი მხოლოდ იმ ნიმუშის მიხედვით შეიძლებოდა, რომელიც მწარმოებელს დარეგისტრირებული ჰქონდა. თუ შეფუთვა იყო გერმანულ, რუსულ, ინგლისურ ან სხვა რომელიმე ენაზე, მას ოდნავ განსხავებული შეფუთვითაც ვერავინ შემოიტანდა, რადგან ეს კანონის დარღვევად ითვლებოდა. მაშინ, როცა, მაგალითად, ინგლისური კომპანიის მიერ წარმოებული წამალი, ლატვიის ბაზარზე გაცილებით ნაკლები ღირს და განსხავავება მათ შორის მხოლოდ შეფუთვის ენაშია .
„ახალი კანონის დამსახურებით, ახლა მედიკამენტების შემოტანა მწარმოებლის ნებართვის გარეშე ნებისმიერ ენაზე შეფუთვით შეიძლება. ამ კანონმა ქართველ დისტრიბუტორებს საშუალება მისცა, წამალი გაცილებით იაფად იყიდოს, შესაბამისად, მისი იაფად გაყიდვის საშუალებაც მოგვეცა“-აღნიშნა მან.
კურტანიძის თქმით, უცხოურ კომპანიებს არ აწყობს, რომ საქართველოში მედიკამენტები იაფად შემოვიდეს და ადგილობრივი ფარმაცევტული მრეწველობა განვითარდეს, რადგან ეს მათ მოგებას ამცირებს.
„როდესაც მათ ვეკითხები, რატომ ყიდიან მედიკამენტებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო იაფად, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში, პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ ეს მათი პოლიტიკაა“-აღნიშნა კურტანიძემ.
ამასთან, „ავერსის“ დამფუძნებელი არ მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი.
„თუ პარალელური იმპორტით მედიკამენტის შემოტანაზე მწარმოებლის ნებართვა გახდა საჭირო, არც ერთი უცხოელი მწარმოებელი არ მისცემს ნებართვას ქართულ კომპანიებს, რომ მისი წარმოებული წამალი მის გარდა სხვა ბაზრიდან შემოვიდეს“-აღნიშნა მან.

















