კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ დონეზე თანამშრომლობას სოსო ჯაჭვლიანთან, ლუკა კურტანიძესა და გურამ ფირცხალავასთან გეგმავს.
როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ყველა პარტიასთან რაღაც ტიპის თანამშრომლობას ცდილობს. მისი თქმით, ამ პარტიების მიერ საინტერესო კანდიდატების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება მოხდეს.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არც ერთ კანდიდატზე არ მიუღიათ, თუმცა „სახალხო კრების“ წევრ სოსოს ჯაჭვლიანთან და ლუკა კურტანიძესთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ივანიშვილმა თანამშრომლობის სქემაც განმარტა. მისი თქმით, თუ არჩევნების შემდეგ მაჟორიტარ კანდიდატს სხვა პარტიაში გადასვლის სურვილი ექნება, მას ამის მორალური უფლება მიეცემა, მაგრამ არჩევნებში მან პარტიული ხმები კოალიციისკენ უნდა მიმართოს.
„მაგალითად, თუ პირობითად, ლუკა კურტანიძე ერთ-ერთ რეგიონში მაჟორიტარად იქნება არჩეული, ის მორალურად თავისუფალია, რომელ პარტიასაც უნდა იმას შეუერთდეს, მაგრამ პარტიული ხმები არჩევნებში კოალიციას უნდა მოუტანოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „სახალხო კრების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

















