საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
მან საპრეზიდენტო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში აშენებული გაზსადენი გახსნა და პირველი ჩირაღდანი აანთო.
მოსახლეობასთან საუბრისას, პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 1 ივლისს ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება, დაგეგმილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის შეკეთება და სკოლის რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე სულორი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და წყალტუბოსთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილი გახდება.
„ვანი და მათ შორის სულორი, ჩემი თვალსაზრისით, მიტოვებული გვყავდა. პრობლემები ბევრია. მაგალითად, კურორტის ცენტრში ვართ და თითქმის, არცერთი მობილური არ იჭერს, ცუდი გზაა, ბევრი კომუნალური საკითხიც აქამდე გადაწყვეტილი არ იყო. გაძლევთ პირობას, რომ კურორტი სულორი მწობრში ჩადგება და ისეთი გახდება, როგორიც არასდროს გვინახავს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ პედაგოგ იულია გოგორიშვილს ოჯახში ესტუმრა.

















