კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და
„რესპუბლიკელებს“ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საკითხზე უთანხმოება არსებობს.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიებს შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციაა.
მისივე თქმით, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი.
„მათ შემომთავაზეს, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით მე გამეკეთებინა არჩევანი. ყველა თანახმა იყო, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ვიტყოდი, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქი. მაქსიმალურად ვცდილობ, სწორი არჩევანი გავაკეთო და პარტიებს შორის კონკურენცია დარჩეს“- განაცხადა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევა და მას არ სურს, ერთპარტიული პარლამენტი მიიღოს.

















