კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“-ს ანტენების დაყადაღების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება
საქართველოში პოლიტიკური კორუფციის დაბრუნებას და ამომრჩველის მოსყიდვას არ დაუშვებს.
„ვერანაირად ვერ განვიხილავთ ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში შემთხვევას, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ან პოლიტიკური პარტია საკუთარი საარჩევნო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მატერიალურ ღირებულებას უფასოდ არიგებს“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, კანონისთვის არანაირი განსხვავება არ აქვს მატერიალურ ღირებულებას „იქნება ეს ანტენა, სარეცხი მანქანა თუ უბრალოდ ქეშით გადაცემული თანხა გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მხრიდან, არის ამომრჩევლის მოსყიდვა“.
„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ საქართველოში დავამარცხეთ კორუფცია და არ დავუშვებთ, რომ საქართველოში დაბრუნდეს პოლიტიკური კორუფცია და არჩევნების მოგების მცდელობა ხდებოდეს ქართველი ხალხის ყიდვის გზით და ილუზიით“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს ინფორმირებულ არჩევანს და თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოს.
როგორც ბაქრაძემ დღეს განაცხადა, ხელისუფლება მუშაობს შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის საკაბელო ქსელებით ტრანსლაცია განხორციელდეს.
კამპანია „ეს შენ გეხება“ წლის დასაწყისიდან ხელისუფლების წინაშე აყენებს წინადადებას mast carry-ს პრინციპის ამოქმედების შესახებ, თუმცა, პარლამენტის მმართველი გუნდი ამას არ თანხმდებოდა. „ეს შენ გეხებამ“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვება გადაწყვიტა.

















