ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში, რისთვისაც კომპანია „ახალი
ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
შპს „ახალი ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

















