პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის
შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტების დაფინანსება.
ყურადღება ასევე, იმ მიმართულებებზე გამახვილდა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერას ემსახურება.
ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებზე ისაუბრა, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.
მან ასევე, წარმატებული მოლაპარაკების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს მთავრობამ თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აწარმოა.
მინისტრის თქმით, ფონდის სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ქუმსიშვილის მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს აშშ-ს ახალი სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავს.

















