პოლიტიკური კოალიცია „ ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით, “კარდაკარის“ პროექტს იწყებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ
და ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადეს.
ფანჯიკიძის თქმით, „კარდაკარი“ 24 ივნისს, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 63 ოლქში დაიწყება და მასში 10 ათასამდე აქტივისტი ჩაერთვება.
მისივე თქმით, „კარდაკარის“ მეშვეობით ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობა გადამოწმდება. გამოვლინდება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი და მოწყვლადი ჯგუფები. ასევე, გაიზომება ამომრჩევლის მოსალოდნელი აქტივობა და განწყობა, დაფიქსირდება უმისამართო პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩეველი და დუბლირებულ მისამართზე მცხოვრები პირები.
როგორც ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, „კარდაკარის“ პროცესში ჩართულ აქტივისტებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცმევათ და აღჭურვილნი იქნებიან საიდენტიფიკაციო სამკერდეებით.
მისივე თქმით, მათ ხელთ ექნებათ სპეციალური საქაღალდეები, რომლებშიც საარჩევნო უბნის პასპორტი და სხვა დოკუმენტები იქნება მოთავსებული.
ქუცნაშვილის თქმით, ეს იქნება კოალიციის ქონება რომლის ხელყოფა აკრძალულია.
“მინდა გავაფრთხილო პოლიციელები, რომ ამ ქონების ხელყოფა ჩვენი საკუთრების ხელყოფად ჩაითვლება“ - აღნიშნა მან.
ქუცნაშვილის განმარტებით, სიების გადასამოწმებლად კოალიციის აქტივისტები ამომრჩეველთან 10.00 საათიდან 22.00 საათამდე მივლენ. „კარდაკარი“ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „კარდაკარის“ შედეგებს საარჩევნო სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას აცნობებს.

















