საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს,
განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა.
უწყების თანამშრომლებს მინისტრმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კომპლექსური პროცესი, რაც მოიცავდა როგორც ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების პროცესს, ასევე წევრ სახელმწიფოებთან აქტიურმუშაობას.
ჯანელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას ამ პროცესის კვალდაკვალ ქვეყნის საბოლოო მიზანზე ისაუბრა, რასაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
„ამ პროცესმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამასთან ერთად, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დიდი ნდობა შესძინა. დღეს ჩვენ ერთსულოვანი, ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ევროპული სტრუქტურების, ასევე, წევრი ქვეყნების მხრიდან. საქართველო აღიარებულია,როგორც სანდო პარტნიორი ევროპისთვის, როგორც ევროპისა და ევროპის უსაფრთხოების ნაწილი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

















