საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ხალხს ბრიუსელიდან
ისტორიული დღე მიულოცა.
როგორ მან აღნიშნა, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანელიძემ ამ პროცესის დასრულების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში.
„ეს უკვე დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაციაა, 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს - ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
ევროპარლამენტში, სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები შეძლებე ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას.

















