საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟენევაში, გაეროს ადამიანის
უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაეროს უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ უმაღლეს კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხში მისი პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
კომისრის მიერ 2016 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოზე გაჟღერებულ მკაფიო გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე მაღალი შეფასება მიეცა.
ჯანელიძემ უმაღლეს კომისარს საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევაზე დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმის და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და შემცირების საკითხს გაესვა ხაზი, რაც მხარეების შეფასებით ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მაქსიმალურ იზოლაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს კიდევ უფრო გაართულებს.
მინისტრმა უმაღლეს კომისარს ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღინიშნა.
ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა თავის მხრივ საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იგი მომავალშიც, ყველა საერთაშორისო ფორმატში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს ინტერესების დაცვას განაგრძობს.
მან ასევე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში მაღალი შეფასება მისცა.
ჯანელიძემ ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი საქართველოში მიიწვია.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა.

















