საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი
ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სომხეთის მთავრობის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.
სომხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები გააცნეს.
ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ ხვდება, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

















