კოალიცია „ქართულის ოცნების” წარმომადგენლებმა თინა ხიდაშელმა, არჩილ კბილაშვილმა და ამერიკელმა ადვოკატმა მეთიუ ორსმანმა, საქართველოს
მთავრობის წინააღმდეგ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში საჩივარი შეიტანეს.
განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
საჩივარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს ეყრდნობა და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევისა და მისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმას ეხება.
„მოქალაქეობის თვითნებური ჩამორთმევა ცალსახად არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ, საერთაშორისო სამართლის ნორმებს“-ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩივარში საუბარია იმის შესახებ, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უფლებების აღდგენას და თავისი არსით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის თვალის ახვევის მიზნით განხორციელებული ფარისევლური ქმედებაა.
ასევე, აღნიშნულია, რომ ცვლილებები მხოლოდ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება და მას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივაცია - ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს ჩამოაშორონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის პრესკლუბში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლების, ჟენევაში აკრედიტებული მედიისა და პოლიტიკური უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის კომენტარები გააკეთეს.
„ქართული ოცნება“ მიმართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, ასევე, მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას - ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოქალაქეობისა და პოლიტიკური უფლებების აღდგენის შესახებ.

















